пятница, 11 марта 2022 г.

სასკოლო პროექტი: "ჯანსაღი ცხოვრების წესი"



"ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია" - ავტორ-შემსრულებელი ბიოლოგიის პედაგოგი ინგა მარგალიტაძე


 

 სახელმწიფო პოლიტიკა ამ კუთხით:     

   ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის სახელმწიფო პროგრამა არის შემუშავებული და დამტკიცებული 1999 წლიდან.

   ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა და დაავადებათა თავიდან აცილება წარმოადგენს პროცესს, რომლის მიზანია ადამიანთა მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი და გაუმჯობესება.რამდენადაც ჯანმრთელობა სრული ფიზიკური,ფსიქიკური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობაა, ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სცილდება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის კომპედენციის ფარგლებს და ადამიანის კეთილდღეობის საერთო-საზოგადოებრივ უზრუნველყოფას გულისხმობს.

   სახელმწიფო ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო დამკვიდრება და განვითარება. მე განვიხილავ ამ პროგრამის დებულებებს და როგორ სრულდება იმასაც.

თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა მოზარდებში

რა იგულისხმება ამაში? თამბაქოს საწინააღმდეგო ფართო საზოგადოებრივი კომპანია, მისი გასაღების შეზღუდვა არასრულწლოვნებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა, ასევე დახურულ სივრცეებში და სხვა.ასევე დახლებზე ,სატელევიზიო რეკლამებიდან თამბაქოს რეკლამირების სრულიად შეზღუდვა. ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე. პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებები გამოცხადდა თამბაქოს წევისაგან თავისუფალ ზონად, უფრო მეტიც, სკოლის გარე პერიმეტრის გარკვეულ ზღვრამდეც აკრძალულია თამბაქოს გამოყენება, მაგრამ რას ვაწყდებით რეალურად? იმის გამო რომ არ დაირღვეს ,,ბავშვთა უფლებები“ ,მშობლებმა თავად განაცხადეს სკოლაში ამის შესახებ და აიღეს პასუხისმგებლობა, მწეველ უფროსკლასელებს სკოლის გარეთ უშვებენ და ისინი გარკვეული დისტანციით სკოლის შენობიდან აქტიურდ მოიხმარენ თამბაქოს. ეს რა თქმა უნდა ძალიან მავნე პრაქტიკაა,ამას უყურებენ მათზე პატარა მოსწავლეები და ნორმადაც აღიქვამენ, რომ როცა გაიზრდებიან, არავინ შეუზღუდავთ მათ სკოლის გარეთ თამბაქოს მოხმარებას. საჭიროა იმ დონეზე  მოხდეს ბავშვების ინფორმირება, ისეთი ღონისძიებების დანერგვა,რომ მათ ეს მავნე ჩვევა უკუაგდონ. მე ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები ცხოვრების ჯანსაღ წესზე, 1999 წლის 29 მარტიდან აღინიშნება  თამბაქოს საწინააღმდეგო დღე საქართველოში. მეც ვეცადე დღევანდელი რეჟიმიდან გამომდინარე ,რომ ჩემს მოსწავლეებთან ერთად აღმენიშნა ეს დღე  და მათ წარმოადგინეს რეფერატი ამის შესახებ, ასევე ვუყურეთ ვიდეო რგოლს ამ თემის ირგვლივ. 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოხმარება იკრძალება ყველა საჯარო თავშეყრის ადგილებში.აღსანიშნავია რომ კანონით უზრუნველყოფამ ეს ნამდვილად დაამკვიდრა, მაგრამ მწეველთა რიცხვი მოზარდებში კვლავ განუხრელად იზრდება.

  სპორტი

   სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ასევე ფარტომაშტაბიანი სპორტული აქტივობის დანერგვას სკოლებში. მინდა მოვიყვანო ფინეთის მაგალითი, ვიცით რომ მათი სასკოლო განათლება მოწინავეა მსოფლიოში,როდესაც 2017 წელს განათლების ახალი კონცეფცია წარადგინეს მათ აუცილებელ პირობად და მოთხოვნად ჩადეს მოსწავლეების სავალდებულო ფიზიკური აქტივობა დღეში 1 საათი და განახორციელეს კიდეც.რა სიტუაცია გვაქვს ამ მხრივ საქართველოში?რბილად რომ ვთქვათ მეტად სავალალო, რადგან სასკოლო ინფრასტრუქტურა უმრავლეს სკოლებში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,არავითარ ნორმატივებზე და ბავშვების ასაკობრივი განვითარების თვალსაზრისით შემუშავებულ პროგრამებზე რომ არაფერი ვთქვათ, როგორიც არსებობდა თუნდაც ჩემს ბავშვობაში აღარ არის.არც ინვენტარია დღევანდელ სკოლებში, მხოლოდ ბურთი შეიძლება იყოს, რომლითაც ვაჟები ფეხბურთს თამაშობენ ,ხოლო სპორტის გაკვეთილებს საერთოდ არ ესწრებიან, ან ეზოში დასეირნობენ გოგონები . არადა,ვიცით, რომ სპორტული მომზადება, გაკაჟება რაოდენ მნიშვნელოვანია ვაჟებისთვის,მომავალი დედებისთვის, ფიზიოლოგიურად თითქმის ვეღარავინ მშობიარობს, რადგან უმრავლეს მომავალ დედებს კუნთის ატონია აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ ნორმალური ფიზიკურ -ანატომიური აღნაგობა.სპორტის გაკვეთილები ან ამოღებულია ცხრილიდან ,ან ბოლოშია ჩასმული,რომელზეც ფაქტობრივად არავინ ესწრება. შედეგი კი ასეთი აგდებული დამოკიდებულებისა სპორტის მიმართ არის ის ,რომ ძალიან ხშირია ტანადობის დარღვევა, სკოლიოზის და სხვა ხერხემლის გამრუდებების სახით, ამავე დროს თავი იჩინა ჭარბწონიანობამ ბავშვებში, მუდმივად კომპიუტერთან ჯდომის, ასევე მეცადინეობებზეც და ზოგადად ცხოვრების უძრავი წესის გამო.არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთერთ წამყვან ადგილს იჭერს.კორონას პანდემიის პირობებში გაცილებით გაუარესდა ბავშვთა ფიზიკური აქტივობა,რადგან სწავლება ონლაინ რეჟიმში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, ასევე დაიხურა სპორტის დარბაზები, არათუ მოყვარულები, სპორტსმენებიც ვეღარ ვარჯშობენ, ბავშვებს დიდი დროის გატარება კომპიუტერთან უწევთ.მათი კუნთთა ტონუსი, ემოციურობა, ფიზიკური ამტანობა ბევრად გაუარესებულია, ასეთია პროგნოზი.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს აუცილებელ რეკომენდაციას, რომ 5-17 წლის ბავშვები დღეში დაკავდნენ  მინიმუმ ერთსაათიანი სპორტული აქტივობით.

ნარკოტიკები

     ასევე უპირველესი საზრუნავია ნარკოტიკების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაღვივება და ჩამოყალიბება მოზარდებში. როგორც ვიცით საგანგაშო ციფრია საქართველოში ნარკოტიკების მოხმარების მხრივ ახალგაზრდებში, იქნება ეს მძიმე თუ მსუბუქი ნარკოტიკი. საკანონმდებლო დონეზე იქნა მიღებული კანონი მსუბუქი ნარკოტიკის შენახვისა და გამოყენების შესახებ და აქვე გაიჟღერა ძალიან საგანგაშო მოწოდებამ, მსუბუქი ნარკოტიკის, ანუ მარიხუანას ლეგალიზაციის შესახებ, ჩვენნაირი მცირერიცხოვანი მოსახლეობისთვის ეს არის დემოგრაფიული კატასტროფის მომასწავლებელი, რატომ? ნებისმიერი ნარკოტიკი,იწვევს სიმახინჯეებს და განვითარების სხვადახვა მანკების დიდ რაოდენობს. მარიხუანას ლეგალიზაცია კი გამოიწვევს ჩვენი ახალგაზრდების ძალიან ფარტო მაშტაბებით მის მომხმარებლებად ქცევას, ვიცით რა სტატისტიკა, რომ თამბაქოს მეტად პატარა ასაკიდან მოიხმარენ მოზარდები,და ისიც ვიცით, რომ თამბაქოს მომხმარებლები ხშირად იქცევიან სწორედ ამ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებლად,აქედან დასკვნის გაკეთება ძალიან ადვილია.ამიტომ ამ მხრივ დიდი მონდომება და მრავალი ღონისძიების გატარებაა საჭირო, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი უალტერნატივოა ჯანმრთელი თაობის აღსაზრდელად.

   უნდა შევეხოთ ასევე ალკოჰოლის მოხმარების საკითხსაც, რაც ასევე მწვავედ დგას: მსოფლიოში სოციალური დაავადებებში განიხილავენ თამბაქოს, ნარკოტიკების და ალკოჰოლის მოხმარებას .

  კვება

 სახელმწიფო დოკუმენტში,რომელიც მიიღეს 1999 წელს 5.10 პუნქტია სწორი კვების ჩვევების დანერგვა.კერძოდ კვების რაციონის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავება. ქვეყანაში წარმოებულ და ასევე შემოტანილ პროდუქციაზე აუცილებელი წესით ქიმიური შემადგენლობისა და ენერგეტიკული შემცველობის მითითება. ბროშურებისა და მასალების შემუშავება ჯანსაღი კვების რაციონის შესახებ. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ მოზარდების კვების რაციონის და მათი ენერგეტიკული შემადგენლობის თვალსაზრისით? მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივაც მეტად რთული სიტუაციაა.კერძოდ, მოზარდთა და ასევე ადრეული ბავშვთა ასაკიდან დაწყებული სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრები არიან ბავშვები. მაკდონალსის ყოვლად გაურკვეველი საკვები შემცველობის თვალსაზრისით, მავნე ნივთიერებების შემადგენლობით, როგორიცაა ფერისა და გემოს,ასევე სხვა სტაბილიზატორების ,რომელთა ნუსხასაც ვერასდროს გავიგებთ. თავად მშობლებს მიყავთ ,თან ხშირად ,თუკი ამის ფინანსური შესაძლებლობაა .კარტოფილი ფრის და გაზიანი სასმელის კომბინაციამ, პლუს მრვალჯერადი გამოყენების ცხიმების, ფუნთუშების , ღვეზელების, კრემიანი ნამცხვრების, ზოგადად შაქრის უკონტროლო გამოყენებამ ბავშვებში მიგვიყვანა ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვან დარღვევებამდე. მოჭარბებულია შაქრიანი დიაბეტის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების ზრდა. წვნიანები თითქმის ამოღებული აქვთ რაციონიდან მოზარდებს,ბავშვობის ასაკში,სკოლამდელს ვგულისხმობ ჯერ კიდევ კვების ნორმები დაცულია,ხოლო სასკოლო ასაკის ბავსვებში კი ეს ნორმები დარღვეულია. უამრავი შეფუთული ეგრეთ წოდებული საკვები, როგორიცაა ჩიპსი, სუხარიკები და სხვა,რომელიც განუსაზღველი ვარგისიანობით არის დათარიღებული იწვევენ ბავშვებში მარილების ჭარბი რაოდენობით დაგროვებას,ასევე შებოლილი ხორცეული.გაზიანი სასმელები როგორც ვიცით კალციუმს სდევნიან ორგანიზმიდან და აქედან გამომდინარე მოზარდი, რომლის საყრდენ -მამოძრავებელი სისტემა,კერძოდ ჩონჩხი აგებულია კალციუმის მარილებით, მათი გამოდევნა ხელს უწყობს ზრდაში შეჩერებას.


ცალკე აღნიშვნოთ სასკოლო ბუფეტები,სადაც არანაირი ნორმები არ არის დაცული , ვგულისხმობ ჯანსაღ კვებას. აქაც ნაირნაირი შეფუთული ჩხირები და ნამცხვრები, ადგილზე ცხვება ღვეზელები, ჰოდდოგები, ლობიანები,სოუსად კეტჩუპი .არც ბოსტნეული და არც ხილი არ იყიდება სასკოლო ბუფეტში. ასევე არ მზადდება სუფები,არც ბოსტნეულის სალათები.მხოლოდ ცომეული და ისიც ხშირად მარგანინზე დამზადებული. ამიტომაც რა არჩევანიცაა, ბავშვი იმას ირჩევს, შედეგები კი არასახარბიელოა. მარგარინი მავნედ ზემოქმედებს მოზარდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე,იწვევს მჟავიანობის მომატებას,  მწვავე გასტრირტის შემთხევები გაზრდილია ბავშვებში.

     ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან აუცილებელია რომ ბავშვები პატარაობიდანვე შევაჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას.რაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას,ყოველდღიურ ვარჯიშებს ,სწორი ძილის რეჟიმს ,ჰიგიენის წესების დაცვას და სხვა..

    ძილი

აქვე მინდა აღვნიშნო ძილის როლი მოზარდის განვითარებისთვის და ვიცით, რომ ის უმნიშვნელოვანესია. რა ხდება ამ მხრივ ქართველ მოზარდებში? სამწუხაროა,რომ ისინი ხშირად გამოუძინებელი არიან,ღამეებს ათევენ კომპიუტერულ თამაშებში, მეორე დღეს კი არანაყოფიერია მათი სასკოლო მუშაობა, ეძინებათ, არიან აპათიურები, ვერ აზროვნებენ სათანადოდ და  საბოლოოდ სწავლაშიც ჩამორჩებიან. ანუ ადგილი აქვს დროის არასწორ განაწილებას.მოზარდებს უნდა ეძინოთ დღე-ღამეში 9-10 საათი რომ მათ სრულად აღიდგინონ ენერგია, რომ მათი ზრდა-განვითარება არ შეფერხდეს, ეს უნდა აკონტროლოს მშობელმა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ უმკლავდება ამას და შედეგიც სავალალოა.

  ჰიგიენა

სისუფთავისა და ჰიგიენის გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია ჯანსაღი ჩცხოვრების წესის დაცვა.პანდემიის პირობებსი ამან განსაკუთრებული მნისვნელობა შეიზინა, კერძოდ ხელების ხშირად დაბანა და პირბადია გამოყენება უმნიშვნელოვანესი პრევენციული ღონისძიებაა კოვიდის თავიდან ასაცილებლად.ჩვენ კი ვხედავთ, რომ ბავშვები, რომლებიც უპირველესი უსიმპტომო გადამტანები არიან ამ ვირუსული ინფექციის, ხშირად უპირბადოდ დადიან.ამიტომ ხშირია შემთხვევები სკოლაში მათ მიერ ინფექციის გავრცელებისა.

   რა სარგებლობა მოაქვს  ჯანმრთელი ცხოვრების წესს:

1.      ხელს უწყობს ორგანიზმის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას

2.      ეხმარება სასურველი წონის მიღწევასა და შენარჩუნებაში

3.      აძლიერებს ძვლებს და კუნთებს

4.      არეგულირებს და აბალანსებს კოორდინაციის უნარებსა და ქცევებს

5.      აუმჯობესებს კომცენტრაციასა და აზროვნების უნარებს

6.      ამაღლებს საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას

7.      ათავისუფლებს სტრესისაგან და ასვენებს ორგანიზმს/გონებას

8.      უზრუნველყოფს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

ძალზედ ბევრია გასაკეთებელი მოზარდების ინფორმაციულობის კუთხით, რომ მათ უალტერნატივოდ მიიჩნიონ მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება


გამოყენებული ლიტერატურა:

1.      https://matsne.gov.ge/ka/document/view/112606?publication=0

2.      https://www.civiceducation.ge/ka/lessons/3-29

3.      https://www.moh.gov.ge/news/3581/

4.      https://matsne.gov.ge/ka/document/view/112606?publication=0

 

 

                                              ირმა უკლება - ბიოლოგიის პედაგოგი